prep.ge

სტუმარ-მასპინძელი — თავი XIII — ორიგინალი ტექსტი

ვაჟა-ფშაველა · თავი XIII

ნაწილები
  1. თავი I
  2. თავი II
  3. თავი III
  4. თავი IV
  5. თავი V
  6. თავი VI
  7. თავი VII
  8. თავი VIII
  9. თავი IX
  10. თავი X
  11. თავი XI
  12. თავი XII
  13. თავი XIII
  14. თავი XIV
  15. თავი XV

XIII

უცხოს კაცისა მოზარევ,

ხევსურთ მოგიკლეს ქმარია.

წადი, იტირე, აღაზავ,

სამარეს მიაბარია.

თავს დაჰყრანტალებს ყორანი,

წვერ-ულვაშს უცრის ქარია.

შენს მტერსა ისეთი ყოფნა,

რო ჩემი ყოფნა მწარია!

აღარვინ მივლის ახლოსა,

არვინ მიჭირა მხარია.

იქვე დავმარხე კლდის თავზე,

საფლავიც გავუთხარია;

სუყველამ ზურგი მაქცია,

ყველაყა განზე მდგარია.

სასაფლაოც კი შემიკრეს,

რო დამემარხა ცხედარი:

ჯოყოლამ გვიღალატაო,

მაგის ადგილი ეგ არი,

საცა მარტოკა ომობდა,

ჩვენთვისა ჩირქის მცხებარი,

თემის პირისა გამტეხი,

ორგული, დაუდეგარი.

ცეცხლი მწვავს, ძმაო, ცეცხლი მწვავს

უალო, მოუდებარი;

გულს მიკლავს, გონებას მირევს

ფიქრები გაუგებარი!

ცოლი სტიროდა ჯოყოლას,

ცრემლს ასხურებდა ხშირადა,

არჩვი ყელ-გადაგდებული,

თმა-ხშირი, მთვარე პირადა,

ეკერებოდა გულ-მკერდზე

ქმარს მარგალიტის ღილადა.

ტექსტის წყარო: ვაჟა-ფშაველა