prep.ge

დავითიანი („ქართლის ჭირი") — ოდეს დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათი ვეღარ ნახა, იმისი მოთქმა დავითისაგან — ორიგინალი ტექსტი

დავით გურამიშვილი · ოდეს დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათი ვეღარ ნახა, იმისი მოთქმა დავითისაგან

ნაწილები
  1. სწავლა მოსწავლეთა ათთა სახმართა საქმეთა ჩაგონება ყრმათათვის
  2. ქართველთ უფალთა მეგვარტომობის იგავი
  3. მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი
  4. ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთან შეორგულება
  5. საწყაულის მოწყვა ღვთისაგან
  6. დავით გურამისშვილის ლეკთაგან დატყოება
  7. ოდეს დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათი ვეღარ ნახა, იმისი მოთქმა დავითისაგან
  8. ტყვეობითგან გაპარვა დავითისა
  9. შველა ღვთისაგან დავითისა, ტყვეობიდამ გამოსვლა სარუსეთოში
  10. დავით გურამისშვილისაგან საწუთოს სოფლის სამდურავი

სახით სიტყვა-შვენიერო, სხიო, მზეთა-მზის სახეო,

ვეძებე და შენი მზგავსი მე აქ ვერცადა ვნახეო;

გეაჯები, ნუ გამწირავ, მოვჰკვდე, შენ კერძ დამმარხეო,

ჯოჯოხეთში ნუ ჩამაგდებ, მიწყალობე სამოთხეო!

333

ვამე ჩემო საესავო, ტკბილო ცხოვრებისა წყარო,

გავეყარე შენს სახესა, ვა, თუ ვეღარ შავეყარო!

აწ შენვე გთხოვ, შენ შემყარო, ვინც გარდასთენ ცა-სამყარო,

მასაც გვედრებ, ვინც გამყარა, მისი ჯავრიც ამამყარო!

334

საყვარელო, სახით თქმულო, უსასყიდლო მარგალიტო!

ვის გადარო, ჩემთვის მკვდარო, მზევ, მზეთა-მზის მაგალითო!

გევედრები შემიბრალო, თავს მომჭრიან მანგალითო,

ოდეს სული ამომგლიჯონ, შენკე მისწი მანგანითო!

335

მტანჯვენ, სთმეო: აწ ვით დაგთმო, ვით უმანკოვ ტრედო, გვრიტო?

შენ, შარბათი, ვით დაგღვარო და ძიმწარის წვენი ვხვრიტო;

ბნელსა ვზივარ, გეაჯები სასინათლო ამიხვრიტო,

ამოვსძვრე და გამოვიქცე, მოვიდე და შენა გჭვრიტო.

336

შენ იესო, წყემსო ჩვენო, ჩვენთვის სისხლის დამანთხეო!

ვით ცხოვარი ვარ წყმენდილი, ნუ დამკარგავ, მომნახეო;

ჩემზედ მხეცთა უხილავთა ნუ მოუშვებ შერისხეო,

მარცხნივ თიკანთ განმარიდე, მარჯვნივ კრავთან შემრაცხეო!

337

სამკურნალოს ცვარ-ცხებულო, სნეულთ წყლურების შემხვეო!

სნეულება განმიკურნე, მო, სალბუნი მომაცხეო;

გამაგონე ხმა საყვირთა, ამოიღე ხმა მჭახეო,

ვით ლაზარეს დამარხულსა "აღდექ" - თავსა დამძახეო!

338

ჩვენ ცხოვართა, წყემსის კვერთხო, ძელო ცხოვრებისა ხეო,

შენზედ ბმულით შეიმუსვრის ჩემი წარწყმენდის მახეო;

შენს ჩრდილთ ქვეშ დავჯდომილვარ, ჩემო სამოთხის დამრხეო,

განმაშორე მავნეთაგან, ავსა ნურას შემამთხვეო!

ტექსტის წყარო: დავით გურამიშვილი