prep.ge

დიდოსტატის მარჯვენა — თავი LXI — ორიგინალი ტექსტი

კონსტანტინე გამსახურდია · თავი LXI

ნაწილები
  1. შესავალი
  2. თავი I
  3. თავი II
  4. თავი III
  5. თავი IV
  6. თავი V
  7. თავი VI
  8. თავი VII
  9. თავი VIII
  10. თავი IX
  11. თავი X
  12. თავი XI
  13. თავი XII
  14. თავი XIII
  15. თავი XIV
  16. თავი XV
  17. თავი XVI
  18. თავი XVII
  19. თავი XVIII
  20. თავი XIX
  21. თავი XX
  22. თავი XXI
  23. თავი XXII
  24. თავი XXIII
  25. თავი XXIV
  26. თავი XXV
  27. თავი XXVI
  28. თავი XXVII
  29. თავი XXVIII
  30. თავი XXIX
  31. თავი XXX
  32. თავი XXXI
  33. თავი XXXII
  34. თავი XXXIII
  35. თავი XXXIV
  36. თავი XXXV
  37. თავი XXXVI
  38. თავი XXXVII
  39. თავი XXXVIII
  40. თავი XXXIX
  41. თავი XL
  42. თავი XLI
  43. თავი XLII
  44. თავი XLIII
  45. თავი XLIV
  46. თავი XLV
  47. თავი XLVI
  48. თავი XLVII
  49. თავი XLVIII
  50. თავი XLIX
  51. თავი L
  52. თავი LI
  53. თავი LII
  54. თავი LIII
  55. თავი LIV
  56. თავი LV
  57. თავი LVI
  58. თავი LVII
  59. თავი LVIII
  60. თავი LIX
  61. თავი LX
  62. თავი LXI

– LXI –

ვაი, საშოსა ჩემსა, რამეთუ გშობე,

ვაი, ძუძუთა ჩემთა, რამეთუ გზარდე,

ვაი ბაგეთა ჩემთა, რამეთუ გიძახოდი და არ გამეც ხმაი,

ვაი, თვალთა ჩემთა, რამეთუ გიტირე.

ღამეს ნაბდის კარავი დაედგა ხილნარში, რატისეულ სასახლეში აგზავნიდა თავის დესპანებს.

აღარ თენდებოდა, აგვისტოს ხვატი ვერ გაენელებინა ბნელსაც.

ერთადერთი ჭაღის გარშემო თვალისმომჭრელი სისწრაფით ცეკვავდნენ ფრთამოხატული, თალხი პეპლები.

ბორგავდა ავადმყოფი, იგი არც ამ პეპლებს ხედავდა, არც ღამურებს, ჭერს ქვეშ მორიალეთ, ჩრდილები ლასლასებდნენ ირგვლივ, ჭაღის ალზე იტრუსებოდნენ პეპლები, ძირს სცვივოდნენ განწირულები, მაგრამ მაინც ახალსა და ახალ ლაშქარს უშენდა ჭაღის შუქს ღამე, პეპლები ცეკვავდნენ, დალასლასებდნენ ჩრდილები დარბაზში.

ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს.

თავი აიღო არსაკიძემ, სიცხისაგან გაოგნებულმა. სარკმლიდან მოსჩანდა ლურჯი, სავსებით ლურჯი ცარგვალი, სწორედ ისეთი, როგორც ნაავდრალი შავი ზღვა.

ვარსკვლავები მაინც ანათებდნენ ბნელს, აფახულებდნენ ოქროსფერ წამწამებს.

ნონაი ბალახებს ხარშავდა თავის სამყოფლოში და როცა ცრემლი მოზღვავდებოდა, კაბის კალთით იწმენდდა თვალებს.

წუხდა ნონაი, არც ბოდოკია სჩანდა სადმე, აღარც დედა სულთმობრძავისა.

ისევ აიღო ავადმყოფმა თავი, ასე ეჩვენა კონსტანტინეს:

ბუს მართვე უხმობსო ღამეს. თვალი დახუჭა, ნელი, ნელი ხმით სთქვა: "წყალი" .

სწყუროდა ავადმყოფს, იქვე იდგა წყალი, მარჯვენა მკლავი აღარ ჰქონდა, მარცხენას ვეღარ ხმარობდა მხარში დაჭრილი.

ხედავდა: წყალი იქცეოდა ნაპირებიდან. არა, ზღვა იყო ეგ, ლურჯი ზღვა, ოქროს თევზები ხომ არ თამაშობდნენ შიგ?

ლაზური სოფელი და ეკლესია დალანდა ზღვისპირად, ალვის ხეები, ლაზური ოდა, ალვის ხეები, ცამდის მაღალნი.

მერმე მთები გამოჩნდნენ, ფხოვის მშვენიერი მთები, აქაც უხვად იღვრებოდა ქარაფებიდან წყალი, მაინც არავის მოჰქონდა იგი.

ფხოვური ქვითკირის პატარა ეზოში დაფათურობს შავით მოსილა დიაცი, ფხოვური მანდილი ახურავს შავი.

ცალ ხელში შავ ტარიანი დანა უჭირავს სისხლიანი, შავი ცხვრისთვის უძგერებია ყელში და მოთქრიალებს წყალი კი არა, სისხლი. მისწვდა არსაკიძე, მაგრამ გაბოროტდა დედა, ახლოს არ გაიკარა თავისი საყვარელი უტა.

ქარაფებიდან იღვრებოდა წყალი, ჰქუხდნენ მშვენიერი ჩქერალები ფხოვისა, მაგრამ გაუძლისი სიცხე იდგა მთებში.

მოწყურებული ქორები აწყდებოდნენ უწყალო ცას.

წყალიო, დაიძახა არსაკიძემ უძლური ხმით და ბალღივით იტირა, დედამაც რომ არ მოუტანა წყალი.

შეეშინდა: არავინ ნახოსო ცრემლი. გამოიღო საბნიდან მარცხენა ხელი, თვალზე წამოიფარა.

გამოეთხოვა მთებსა და ზღვას, გამოეთხოვა თავის ტკბილ სიყრმესა და სიჭაბუკეს გამწარებულს.

ასე მოესმა ავადმყოფს: რაღაც ფაჩუნობსო კუთხეებში. რაღაც დაეცა სველ ღაწვზე , უბწკინა. ხოჭო ხომ არ იყო ეს?

ამასაც გრძნობდა: საბნის ქვეშაც ფაჩუნობდა რაღაც, გააჟრჟოლა ანაზდად და აცახცახდა,მერმე ალასლასდნენ ჩრდილები დარბაზში.

უზარმაზარი ლანდი ჩამოვიდა კედლიდან, მგლისებრმა თვალებმა გაიელვეს ბნელში.

და ერკინებოდა მხატვარს გრძელწვერა მოხუცი, მერმე მისწვდა იგი ჭრილობიან ბარკალს და დაუბუშა ვრცელი ბარკლისაი.

მოეძალა ბობღია ლანდი, მგლისებრი თვალები შემოანათა და სთხოვა სული.

არ მისცა სული მგლისებრთვალება მოხუცებულს მხატვარმა.

დიდხანს ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს.

* * * * * * *

ბოლოს მოაწია რიჟრაჟმა, ატყდა ნათლის ლიცლიცი გარეთ, ყაყაჩოები დაათოვა მწვერვალებს ცამ, იფრქვევოდა იისფერი შუქი, როგორც ჩქერალები ფხოვის მთებიდან.

შორენა ჩამოვიდა კედლიდან, ხატაური ფარჩის კაბა ეცვა შავი,ოქროსფერი თმები გადმოღვრილიყვნენ მხრებზე, მოდიოდა ყაყაჩოების ველზე, თავთუხის თაველებს ესროდა უტას, ყაყაჩოებსა და თავთუხის თაველებს.

დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული.

ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოველისთვის შეეწირა იგი.

უთენია ჩამოვიდა ფხოვიდან დედა და როცა მორიელებისაგან დაკბენილი შვილი დაინახა, გაქვავდა თურმე.

...და ეს ამბავიც ავაზის დღეს მომხდარა.

- ეპილოგი -

ათას წელს იწვიმა და იქუხა იმ დღიდან საქართველოს თავზე, ათას წელს იგორა ქვადქცეულმა სულმა.

ჩემს სიყრმეშიაც მინახავს კაცის სიმაღლე ლოდი, რომლის გამოც აგრე ამბობდნენ მცხეთაში: კონსტანტინე არსაკიძის დედააო გაქვავებული.

მანდილიან ფხოველ დიაცს მიაგავდა ეს ლოდი მართლაც. შარშანაც ვნახე ძველ სასაფლაოზე, მცხეთაში.

წრეულსაც მოვიკითხე, ასე მითხრეს: მშენებლობაზე წაიღესო სადღაც.

მას შემდეგ არ მიძებნია იგი, რადგან ამასობაში უკვე დავასწარი მშენებლობის გენიას და ქვაში ჩაკირული საიდუმლო განვაცხადე სიტყვაში.

ტფილისი.

1939 წელი.

ტექსტის წყარო: კონსტანტინე გამსახურდია