prep.ge

პროგრამული ლირიკა — ორიგინალი ტექსტი

გიორგი ლეონიძე · ნინოწმინდის ღამე

ნაწილები
  1. ნინოწმინდის ღამე
  2. ყივჩაღის პაემანი

ნინოწმინდა... პალატები მეფეთა...

გალავანში - ჯამი აქაფებული,

შენი სახე რისთვის შემომეფეთა,

ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული...

საზანდარმა ღამე ააცახცახა,

ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,

ცა-ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,

და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა...

ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები...

ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა

საქართველოს ლექსის მეხანძარენი

ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!

როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,

სიყვარული ისე დამჯახებია!

მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს

და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;

ძუძუები ოქროს კალმახებია,

წამწამები აქვს თავთუხის ყანისა...

წინანდალის ვაზი აყვავებული,

ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,

აფრენილი ბაზიერის დაფითა,

დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!

ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები...

ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა,

საქართველოს ლექსის მეხანძარენი

ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!

ტექსტის წყარო: გიორგი ლეონიძე