prep.ge

ჩემი ვედრება — ორიგინალი ტექსტი

ვაჟა-ფშაველა · სრული ტექსტი

ღმერთო, მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია: არ დამეკარგოს გულიდამ მე შენი სახსოვარია!

გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში, მამყოფე შეუდრკელადა; ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო დაჩაგრულების მცველადა.

ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა; ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა; არ წამიხდინო, მეუფევ, ეს ჩემი წმინდა ხელობა!

მაშრომე საკეთილოდა, თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი, შვილთ საგმოდ არ გამიხადო ჩემი მუდმივი სამყოფი.

გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა, მნათობს ტრფობისა შეშითა, ნუ მავლევ ქვეყანაზედა გაცივებულის ლეშითა, - თვალებში მადლ-დაკარგულსა, შუბლზე გაკრულის მეშითა.

ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა, ნუ დაუძვირებ ოცნებას, შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა: სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა, ეძახის თავის მხლებელსა.

გულს დარდი გამიდიადე იმ სანეტარო საგანზე, დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე ჩემის გონების საბანზე!..

გონებას ფიქრი სტანჯავდეს, გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი, მშიოდ-მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი…

ნუ დამასვენებ ნურადროს, მამყოფე შეძრწუნებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული;

როცა გულს ცეცხლი მედება, გონება მსჯელობს საღადა, - მაშინ ვარ თავისუფალი, თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.

მფარავდეს შენი მარჯვენა, კალთა სამოსლის შენისა, სანამ არ მოვა დრო-ჟამი სულ ბოლოს ამოქშენისა.

სული - შენ, ლეში - მიწასა, აღარა ვგლოვობ ამასა; თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი, შვილი - დედას და მამასა.

ტექსტის წყარო: ვაჟა-ფშაველა